ევროპული კავშირის კვლევების ასოციაცია

Home / ღონისძიებები / კონფერენციები / ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პერსპექტივები და გამოწვევები თბილისში გამართულ Erasmus + ჟან მონეს კონფერენციაზე მიმოიხილეს

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პერსპექტივები და გამოწვევები თბილისში გამართულ Erasmus + ჟან მონეს კონფერენციაზე მიმოიხილეს

2019 წლის 31 ივლისს, ევროკავშირის Erasmus+ -ის ჟან მონეს პროგრამის მხარდაჭერით, ევროპული კავშრის კველვების ასოციაციამ (EUSA), ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსთან (ELSA Georgia) თანამშრომლობით, თბილისში კონფერენცია თემაზე “ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პერსპექტივები და გამოწვევები” ჩაატარა.

ღონისძება მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმების შესახებ საინფორმაციო და სადისკუსიო პლატფორმის შექმნას. მოწვეულმა მაღალი რანგის სტუმრებმა და ექსპერტებმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ზოგად მიმოხილვასთან ერთად ყურადღება გაამახვილეს შემდეგ საკითხებზე: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით, ვიზა-ლიბერალიზაცია და საქართველოსთან მიმართებით თავისუფალ სავაჭრო სივრცისთან დაკავშირებული გამოწვევები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აკადემიური და ექსპერტული წრეების, მთავრობის და სამოქალაქო სექტორის 80-მდე წარმომადგენელმა. ღონისძებას ესწრებოდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის ERASMUS + ჟან მონეს პროექტის ხელმძღვანელმა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა, პროფესორმა, თამარ ხუნწარიამ და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს პრეზიდენტმა, ციცია ჯავახიშვილმა.

ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში არსებული პერსპექტივების და გამოწვევების შესახებ მოხსენებით წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი, არჩილ ყარაულაშვილი. ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ზოგიერთი პრობლემური ასპექტი მიმოიხილა ასოციაცია „ევროპის დროით“ თავჯდომარემ, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა, ეკატერინე ქარდავამ.

ღონისძიების მეორე და მესამე ნაწილები დაეთმო თემატურ დისკუსიებს.

მეორე ნაწილში ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმა ასოცირების შეთანხმებასა და ასოცირების დღის წესრიგთან დაკავშირებით მიმოიხილა ევროკავშირის სფეროს ექსპერტმა, კახა გოგოლაშვილმა.  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის შესახებ ისაუბრა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ჩხიკვაძემ. მან ასევე მიმოიხილა ვიზა ლიბერალიზაცია და მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ვიზა ლიბერალიზაციის პოლიტიკის შესახებ და ყურადღება გაამახვილეს იმ სიკეთეზე, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი იღებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით. ამასთან, მოხდა განხილვა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მთელი რიგი გამოწვევების, განსაკუთრებით კი არალეგალური მიგრაციის, რომლის სწრაფი გადაჭრაც ეფექტური  სახელმწიფო პოლიტიკით და მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობითაა შესაძლებელი.

კონფერენციის მესამე ნაწილში თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, ახალი რეგულაციების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ. მან ასევე მიმოიხილა ევროკავშირის ბაზართან მიმართებით ქართული საქონლისა და სერვისების ექსპორტის მხარდაჭერის და ექსპორტიორების ცნობიერების ამაღლების საკითხები. შედგა აქტიური დისკუსია ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ძალაში შესვლის შედეგად გაღრმავებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. მოხდა DCFTA-ს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელობის გაანალიზება, სხვა რეგიონალურ აქტორებთან მიმართებაში, რომლებიც ქვეყნისთვის ასევე ქმნიან სავაჭრო შესაძლებლობებს.

კონფერენცია ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ასოცირების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის თანმიმდებრულ პოლიტიკას. ორგანიზატორების მხრიდან მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ევროკავშირის არაერთ პროგრამაზე, რომელთა დახმარებითაც ქვეყანა აძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიას და ეკონომიკას.

ასევე იხილეთ

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო ლექცია გაიმართა

2019 წლის 12 აპრილს, ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციამ (EUSA) ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო …